“უდიდესი მეცნიერებაა, იყო ბრძენი, ხოლო უდიდესი სიბრძნეა, იყო კეთილი. ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაგვარჩენს. სიკეთე სამოთხის კარს გაგვიღებს, სიმდაბლე შიგ შეგვიყვანს და სიყვარული ღმერთს გვანახებს. სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება. კეთილი ის კი არ არის, ვინც სიკეთეს აკეთებს, არამედ ის – ვისაც ბოროტების ქმნა არ შეუძლია. ვისაც შენზე მცირე სახსარი აქვს, მას რომ დაეხმარები, ასეთი სიკეთეა ღვთის წინაშე შეწირული. ყველასათვის უნდა გინდოდეს სიკეთე. ღმერთი ჩვენგან გულიდან გამოსულ კეთილ საქმეს ითხოვს. რაც ერთ ადამიანს კეთილი უყავი, ის მე მიყავი, – ამბობს უფალი. როდესაც კეთილ საქმეს აკეთებ, ერთი საფეხურით ადიხარ, ხოლო როდესაც სცოდავ, ჩამოდიხარ. ასეთი სვლაა მთელი ჩვენი ცხოვრება. ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გინდა, რომ შენ გაგიკეთონ; ამ წესის აღსრულებაა სიკეთე. გაუკეთე სხვებს ის, რაც გინდა, რომ შენ გაგიკეთონ – ესაა სათნოება. უფალმა ორი ნიჭი გვიბოძა, რომელიც ჩვენი გულისათვის ერთნაირად ძვირფასია – ხსოვნა და დავიწყება.როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, მადლიერების გრძნობა მის ხსოვნას ითხოვს; ხოლო როდესაც ბოროტებას გვიკეთებენ, სიყვარული მას გვავიწყებს. გაუკეთე კეთილი საქმე მეგობრებს, რათა მათ კიდევ უფრო მეტად უყვარდე: ასევე მოექეცი შენს მტრებსაც, რათა ისინი შენი მეგობრები გახდნენ. უფალი არასდროს აკეთებს მხოლოდ ერთ სიკეთეს, არამედ სამ-ოთხ სიკეთეს ერთად. ბოროტებასაც არასდროს უშვებს, თუ მისგან მრავალი სიკეთე არ მოდის.ყველაფერს: შეცდომებსაც, ხიფათსაც იგი ჩვენს სასარგებლოდ იყენებს. სიკეთე და ბოროტება ერთმანეთშია არეული. კარგი იქნებოდა ისინი გამიჯნული ყოფილიყო, მაგრამ ადამიანის პირადი ინტერესები მათ ურევენ და ერთმანეთში ხლართავენ. თუმცა ღმერთი სარგებელს ამ გაუგებრობიდანაც ამოიღებს. ამიტომ, უნდა გვჯეროდეს, რომ უფალი მხოლოდ იმას დაუშვებს, რისგანაც სიკეთე გამომდინარეობს, ვინაიდან მას უყვარს თავისი ქმნილება. მან შეიძლება დაუშვას რაიმე მცირე ცდუნება იმისათვის, რომ დაგვიცვას დიდი საცდურისაგან. როცა კეთილ ადამიანს ხედავთ, გწამდეთ, რომ ის ოდესღაც უბედური იყო. კეთილად ცხოვრება, სიკეთის ქმნა და სიკეთზე ფიქრი ღვთისადმი მიტანილი მსხვერპლი კი არ არის, არამედ – ადამიანის ვალი უფლის წინაშე. არასასიამოვნოა ხეების ყურება გაშიშვლებული ტოტებით; არასასიამოვნოა ცქერა გაყინული მინდვრის, რომელზეც ერთი ბალახიც კი არ არის მწვანე, მაგრამ კიდევ უფრო სევდისმომგვრელია სიკეთისადმი გაციებული გულის ცქერა, რომელსაც სასიკეთო ძალები, სიცოცხლის ხალისი და სიმართლის ნაყოფი აღარ აქვს. იცხოვრე ისე, რომ მაგალითი იყო სხვებისთვის, მაგრამ შენი მხრიდან ნუ შეეცდები, გამოაჩინო შენი კეთილი საქმეები და მითუმეტეს, მხოლოდ ადამიანთა თვალწინ ნუ აღასრულებ მას – ეს ნუ იქნება შენი მიზანი სიკეთის ქმნისას. სანთელი წვას განაგრძობს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა იქ ადამიანები; ასევე ჩვენცგამუდმებით უნდა აღვასრულებდეთ სიკეთეს და არ უნდავფიქრობდეთ იმაზე, უცქერს თუ არა ვინმე ჩვენს საქმეს. მთელი ცხოვრება ვიცხოვროთ ისე, რომ ჩვენი სული სიკეთისკენ იყოს მიმართული. იმისთვის ვართ ამ ქვეყანად, რომ რაც შეიძლება ბევრი კეთილი საქმე აღვასრულოთ."
წმინდა მამათა სწავლების მიხედვით